ვებრძოლოთ დაავადებას – შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს

28 დეკ

“შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით”. კოფი ანანი

უფალს უყვარს ყოველი თქვენგანი, ყოველგვარი განსხვავებისა და შეზღუდვის გარეშეთქვენ შორის მას ისინიც უყვარს, ვინც დაავადებულია შიდსით. მას უყვარს დაავადებულთა მეგობრები და ნათესავები და ისინი, ვინც თქვენზე ზრუნავს. მას უყვარს ყველა უპირობოდ და მუდმივი            სიყვარულით”,- პაპი იოანე პავლე II (1989.)  

კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს, მათ შორისაა აივ ინფექცია/შიდსი, რომელმაც აღმოჩენის დღიდან დიდი ყურადღება მიიქცია და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს და დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი და თარიღი. აივ ინფექცია/შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს. 1982 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული შიდსი, როგორც ახალი დაავადება.

ყველაზე ხშირი გადაცემის გზები: აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა 1. სქესობრივი კონტაქტით, 2. ნარკოტოკების მომხმარებლების მიერ ზიარი შპრიცის ან ნემსის გამოყენებით, შეუმოწმებელი აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით 3. აივ ინფექცია შესაძლებელია გადაეცეს ნაყოფს/ახალშობილს იმ შემთხვევაში თუ ორსული აივ ინფიცირებულია. ნაყოფის ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვების დროს. აქვე მინდა დავძინო, რომ დღესდღეობით არსებობს პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ნაყოფის/ახალშობილის ინფიცირების რისკს. თუ ორსული აივ ინფიცირებულია, მას ორსულობის 24 კვირიდან ეწყება პროფილაქტიკური მკურნალობა, ხოლო მშობიარობის შემდეგ ახალშობილი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე.

შიდსი არ გადაეცემა: საყოფაცხოვრობო კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, საუბრით, მწერის ან ცხოველის კბენის შედეგად იმ შემთხვევაშიც კი თუ ის (მწერი ან ცხოველი) უკბენს ინფიცირებულს და შემდეგ ჯანმრთელ ადამიანს. ეს დაავადება ასევე არ გადაეცემა საერთო ჭურჭლის, აბაზანის, თეთრეულის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.

სტიგმა და დისკრიმინაცია

სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. სტიგმის მიღმა – საზოგადოება, ოჯახი, ადამიანი: ჩვენ ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან უბრალოდ იმ მიზეზით, რომ მას არ ვთვლით ღირსეულ წევრად იმ საზოგადოებისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად `ანიჭებს”; ასეთ ადამიანებს გარშემო მყოფნი თავს არიდებენ და მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ეგრეთწოდებული “ნორმისაგან”, თუ რა თქმა უნდა ასეთი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. სტიგმა, მეტად გავრცელებულია აივ–ინფიცირებულთა მიმართ. ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით: ყველა ქალი რომელიც აივ ინფიცირებულია ასოცირდება მრუშობასთან, ხოლო ყველა აივ ინფიცირებული მამაკაცი ნარკოტიკთან. დისკრიმინაციის შიშით, ინფიცირებულებიცდილობენ ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანად მოაჩვენონ ყველას თავი. სტატუსის გამხელის შიშით არ სთავაზობენ პარტნიორებს უსაფრთხო სქესობრივ კავშირს, არ ერიდებიან ნარკოტიკის მიღების დროს სხვისთვის საკუთარი შპრიცის მიწოდებას, ყოველივე ეს იწვევს შიდსის ეპიდემიის სწრაფ ცგავრცელებას.

მაია ცინცაძე : “სამედიცინო მუშაკები ხშირად უარს ამბობენ ასეთი პაციენტების მომსახურებაზე. თუ სამედიცინო დაწესებულებებში ზედმიწევნით იქნება დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ზომები, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი ფაქტობრივად არ იარსებებს.“

დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობა გახლავთ. საზოგადოების ნაწილმა არ იცის, რომ ეს დაავადება არ გადადის არც ჰაერწვეთოვანი გზით, არც საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტებით. მათ ჰგონიათ, რომ თუ არანაირი კონტაქტი არ ექნებათ შიდსით დაავადებულთან, დაცულები არიან ამ დაავადებისგან, არადა, ასეთი სახის კონტაქტებით ეს ვირუსი არ გადაეცემა.

საზოგადოება, ხშირად გულგრილია იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ დაავადებით არის ინფიცირებული, ისინი ძალიან მარტივად გამოუტანენ ადამიანს განაჩენს და გარიყავენ მას. სწორედ საზოგადოების ბრალია ის ფაქტი, რომ აივ ინფიცირებულები საკუთარ დიაგნოზს არ ამხელენ, ცდილობენ თავი მოგვაჩვენონ ჯანმრთელ ადამიანებად და სინამდვილეში, ამით სხვების ჯანმრთელობას უქმნიან საბრთხეს. აივ ინფიცირებულთა უმეტესობა, გარიყულია ოჯახისა და მეგობრებისგან თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

ხათუნა  38 წლის.

 ”  გავთხოვდი ადრეულ ასაკში, მყავს 3 შვილი და კარგი მეუღლე. ვცხოვრობდი ბედნიერად და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ექიმები შიდსის დიაგნოზს დამისვამდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სამი წლის წინ გავხდი ავად, ძალიან დავსუსტდი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი თბილისში წაყვანა და ხელახალი გამოკვლევები ჩამიტარეს. ექიმისგან შევიტყვე ჩემი დიაგნოზი _ აივ ინფექცია. გაოგნებული და შოკირებული ვიყავი, ვიცოდი რომ ამ დაავადებით ადამიანები კვდებოდნენ, ყველაფრის იმედი დავკარგე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი, ვისთვის მეთხოვა დახმარება.თუ აივ-ით ინფიცირებული ხარ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ “უწესოდ” ცხოვრობ. მთავარია, რომ მეგობრებს და ახლობლებს ჩემს მიმართ გრძნობა არ შეცვლიათ, პირიქით, მამხნევებენ, ერთი წუთით უყურადღებოდ არ მტოვებენ და დიდ სიყვარულს მჩუქნიან.”

რუსიკო 46 წლის.

 “გავთხოვდი ადრე, ჩემი მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი არ ყოფილა, არც ალკოჰოლს ეტანებოდა. პატარა ბიზნესით იყო დაკავებული, რის გამოც ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მეუღლე ოდესმე მიღალატებდა, იდეალური ცოლ-ქმრობა გვქონდა.

ხუთი წლის წინ სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს, შემდეგ კი ჩემთვის წარმოუდგენელი და ელდადამცემი ამბავი შევიტყვე, ექიმმა მითხრა, რომ შიდსის ვირუსით ვიყავი ინფიცირებული. ჩემდა გასაოცრად, ამის შემდეგ ექიმი იშვიათად შემოდიოდა პალატაში, ექთნები მხოლოდ ხელთათმანებით მივლიდნენ. ჩემი მეუღლეც ინფიცირებული აღმოჩნდა. სიცოცხლე არ მინდოდა, მეგონა მოვკვდებოდი, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ჩემი მეუღლეც შოკში იყო, ძალიან განიცდიდა, იცოდა რომ თვითონ გადამდო. ბიზნესი სხვას გადააბარა, სახლიდან აღარ გადიოდა, მე მივლიდა, ერთი წუთით უყურედღებოდ არ მტოვებდა. ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მქონია _ ადამიანებმა ხელი მკრეს, მეგობრებმაც ზურგი შემაქციეს, მხოლოდ ორი მეგობარი არ დამშორებია. მე მესმის მათი, ვინც დამშორდა. საზოგადოებამ არაფერი იცის ამ დაავადებაზე. ვფიქრობ, თუ საზოგადოებას მეტი ეცოდინება შიდსის შესახებ, მათი დამოკიდებულება შეიცვლება ჩვენს მიმართ. მინდა ყველას მივმართო: უბრალოდ ნუ განმიკითხავენ, ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი, ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე აივ დადებითი ვარ.”

დავიყვანოთ ნულამდე

თორნიკე 23 წლის

“3 წლის წინ შევიტყვე, რომ აივ დადებითი ვიყავი. ინფორმაციას ვირუსის შესახებ აქამდეც ვფლობდი და ვიცოდი, რომ სქესობრივი გზით ან სისხლით გადადიოდა, თუმცა როდესაც ვირუსი ჩემს ორგანიზმში აღმოაჩინეს ვერ ვიჯერებდი, თითქოს ეს მე არ უნდა დამმართოდა. მე, ხომ არც ნარკომანი ვიყავი და სისხლის გადასხმაც არასოდეს დამჭირვებია, არც ისეთ ქალთან მქონია ურთიერთობა, ვინც შეიძლება ამ ვირუსით ყოფილიყო დაავადებული. ჩემი წარმოდგენა, ვირუსის შეძენამდე იგივე იყო, რასაც ახლა სხვები ჩემზე ფიქრობენ. ყველა ინფიცირებული ნარკომანი ან მრუში მეგონა. ახლა მივხვდი, რა მარტივია როდესაც ვინმეს მიმართ დისკრიმინაციას ახორციელებ და რა რთულია, როდესაც დისკრიმინაციის მსხვერპლი თავად ხარ.

როდესაც  ოჯახში ჩემი დაავადების შესახებ შეიტყვეს, მშობლებმა სახლიდან გამომაგდეს და ჩემზე უარი თქვეს, იმის შიშით, რომ საზოგადოება მათზე „ჭორაობას“ დაიწყებდა და სახელი გაუფუჭდებოდათ. მათ მაიძულეს ჩემი დაავადების შესახებ, არავისთვის არაფერი მეთქვა. ისინიც მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას და მეც ჩემი გზით ვივლიდი.

მეგობრებმაც ზურგი შემაქციეს. მახსოვს, ერთ–ერთმა ასეთი ფრაზა მითხრა „არადა სტიქაროსანი იყავი“–ო, თითქოს აივ დადებითობა მიუტევებელი ცოდვა იყოს და ადამიანი მას საკუთარი ნებით იძენდეს.

ერთადერთი ჩემი და ამომიდგა მხარში, ის ჩემთან ერთად წამოვიდა სახლიდან და უკვე 3 წელია ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრებიდან არავინ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება და მშობლებიც სასტიკად მომექცნენ, ცხოვრებას მაინც იმედის თვალით ვუყურებ და მჯერა რომ ოდესმე გონს მოეგებიან.”

საბრთხე

მე ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი და ვცადე ჩემი აივ–ინფიცირებული მეგობარი, სილამაზის სალონსა და სტომატოლოგიურ კლინიკაში მიღებაზე ჩამეწერა. როდესაც ექიმს გავუმხილე, რომ ჩემი მეგობარი აივ ინფიცირებულია, მან სპეციალურ კლინიკაში გამგზავნა,თუმცა აივ ინფიცირებულთათვის სპეციალური კლინიკები არ არსებობს. მიზეზად კი დამისახელა სპეციალური აპარატის არქონა. გამიჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ მე ვარ აივ ინფიცირებული და სტომატოლოგს არ გავუმხილე ჩემი დაავადების შესახებ, ის რასაკვირველია მომემსახურება და თუ ჩემი მომსახურება საბრთხის შემცველია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს შემდეგ მისული პაციენტი დაცული არ არის იმისგან რომ ის ამ კლინიკაში დაინფიცირდება?

ნებისმიერი სტომატოლოგიური კლინიკა და სილამაზის სალონი ვალდებულია ჰქონდეს ისეთი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ვირუსს კლავს, რათა სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საბრთხე არ შეუქმნან.


Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: