ბერი გაბრიელი

25 დეკ

ელენე ყიფიანი

მამა გაბრიელი "გოდერძი ურგებაძე"

   ბერი გაბრიელი, ქერთული რეალობის

“სასწაულმოქმედი წმინდანი

არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. ვასიკო ბავშვობიდანვე ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და 12 წლის ასაკში მას წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

მამა გაბრიელი

     16 წლის ყოფილა ვასიკო, როდესაც მარტყოფის მონასტრის მოსალოცად ფეხით გაემგზავრა. იქ მას ღვაწლმოსილი ბერი მამა აითალა დახვდა, რომელსაც დიდად აფასებდა მამა გაბრიელი და პატივისცემით მოიგონებდა ხოლმე შემდგომ წლებში – “დიდი ბერი, დაფარულთა მცნობელი ბერი იყოო”.

            1949 წ.-ს ვასიკო საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური მან ბათუმში, სასაზღვრო ნაწილში გაიარა. მიუხედავად მკაცრი რეჟიმისა, ვასიკო ახერხებდა მარხვის შენახვას. იგი ფარულად წმ. ნიკოლოზის მოქმედ ეკლესიაშიც კი დადიოდა და წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ვასიკო სახლში დაბრუნდა. სულ მალე იგი გამოიძახეს სამედიცინო დისპანსერში და დაკითხვა მოუწყვეს;

 

გაახსენეს ბავშვობისდროინდელი ხილვის შესახებ, როდესაც მას 12 წლის ასაკში გამოეცხადა ბოროტი სული. რამდენიმე დღეში ვასიკომ მიიღო საბუთი, რითაც მას აცნობეს, რომ იგი მიჩნეული იყო ფსიქიურად ავადმყოფად და ეკრძალებოდა თანამდებობრივი საქმიანობა. მას დაენიშნა მეორე კატეგორიის ინვალიდის პენსია, რაც, თავისთავად, უხეში სამართლებრივი დარღვევა იყო, რადგან საბჭოთა კანონმდებლობით, ამგვარი პიროვნების ჯარში გაწვევა არ შეიძლებოდა. ყოველივე ეს საბჭოთა უშიშროების და პარტიული იდეოლოგიის მესვეურთა მხრიდან გაკეთდა, რათა მსგავსი ცნობიერების ადამიანს ცხოვრებისეული წინსვლის შემთხვევაში არ შეექმნა საფრთხე კომუნისტური სისტემისათვის.

საქართველოს სსრ.

ქ. თბილისის ჯანმრთელობის დაცვის ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო
19/ 1 – 1966 წ.ქ. თბილისი, ელექტრონის შეს., 1

№ 666

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, დაბ. 1929 წ., 6 კლასის განათლებით, მცხ. თეთრიწყაროს ქ. 11. ქალაქის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში სტაციონირებულია 18. VIII.1965 წ., მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით. გაეწერა: 19 / XI _ 65წ. ანემნეზის თანახმად, თორმეტი წლის ასაკში მოლანდებია ბოროტი სული, თავზე რქებით… ავადმყოფი ამტკიცებს, რომ რაც ქვეყნად და მსოფლიოში ცუდი ხდება, ბოროტის ბრალია. 12 წლიდან დაუწყია სიარული ეკლესიებში, ლოცულობდა, შეუძენია ხატები, შეუსწავლია საეკლესიო დამწერლობა… 1949 წელს იყო გაწვეული სამხედრო სამსახურში. იქ მყოფიც კი თავისუფალ დროს ეკლესიაში ატარებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა. უფროსები და ჯარისკაცები სიცილით უსმენდნენ მის ბოდვას: „ოთხშაბათს იუდამ ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, პარასკევს კი _ ებრაელმა მღვდელმთავრებმა ჯვარზე გააკრესო~. ერთთავად სულ ჰალუცინაციებში იყო.… როგორც საქმიდან ირკვევა, 1965 წ. 1 მაისს, დემონსტრაციის დღეს დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, მან ეს ჩაიდინა იმისათვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო – ეჭვი დაებადათ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, რის გამოც იქნა გამოგზავნილი სასამართლო-ფსიქოპატიულ ექსპერტიზაზე. გამოკვლევით დადგინდა: ავადმყოფს ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში, დროში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით: სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა და ანგელოზებისა და ა. შ. საუბრისას ფსიქოპატის ძირითადი ღერძი ყოველთვის იქეთკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ა. შ. განყოფილებაში სხვა გიჟებისაგან განმარტოებულია. თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უთუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზებს, ხატებს და ა. შ. არის სრულიად უკრიტიკო თავის მდგომარეობის მიმართ. ჩაუტარდა ამინაზინოფრაზია და სიპტომიციური ხასიათის თერაპია, რის შემდეგაც გატარებულია კომისიაზე.

სტაციონარის აქტი 1965 წ. №42
/კომისიის თავმჯდომარე: მედ. მეცნიერებათა კანდიდატი/ მთავარი ექიმი თ. აბრამიშვილი, წევრები: ჯ. შალამბერიძე და ექიმი კროპოვი.

გაწერილ იქნა საავადმყოფოდან 19/XI-65 წ. წაიყვანა დედამ სახლში.
ექ. ლეჟავა 19/I-1966 წ.

          ამ ყველაფრის შემდეგ ვასიკო კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა სულიერ ცხოვრებას. სახლის საკარმიდამო ეზოში მცირე ზომის საცხოვრებელი აიშენა, სადაც განმარტოებით, სიმშვიდეში იწყო მოღვაწეობა. წირვა-ლოცვებზე სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა. პატრიარქის კურთხევით ვასიკომ დარაჯად დაიწყო მუშაობა, შემდგომ კი მედავითნედ მსახურობდა სიონის ტაძარში.

საქართველოს სამღვდელოება

   1955 წ.-ის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ვასიკო ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.

      1962-1965 წწ.-ში გაბრიელ ბერი ყოვლადწმიდა სამების ტაძარში მსახურობდა, სადაც მცირე მრევლი ჰყავდა შემოკრებილი.

   

  1972 წლიდან 1990 წლამდე, სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, მამა გაბრიელმა განსაკუთრებულ ღვაწლად იტვირთა დანგრეული თუ კომუნისტური რეჟიმის გამო დახურული და მიტოვებული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა.

     1990 წელს გაბრიელ ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.

ბერი

 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მხოლოდ გაბრიელ ბერი განიცდიდა წინდაწინ მოსალოდნელ უბედურებას. ამბობდა: “სისხლი რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!.” როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, გაბრიელ ბერი სამთავროში ზარებს რეკდა და მოთქვამდა თურმე. ამ პერიოდში გაბრიელ ბერმა გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდელის მიღებას. ძნელია იმის მოთხრობა და აღწერა, თუ როგორი ცრემლით და გოდებით ავედრებდა იგი უფალსა და დედა ღმრთისმშობელს საქართველოს. გაბრიელ ბერი არავის განარჩევდა. იგი ყველა მასთან მიმსვლელის მწუხარებით და სიხარულით ცხოვრობდა. მრავალი ადამიანი გადაარჩინა მან სულიერ წყვდიადში დანთქმას და თავისი წინასწარმცნობელობის მადლით ჭეშმარიტ გზაზე დააყენა.

მამა გაბრიელი კელიაში

     ბერი გაბრიელი საბოლოოდ დედათა მონასტერში დაბრუნდა და იქვე აღესრულა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს:                                                                                                                                                                                         – მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა:                                                                                                                                                           – 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე.                                                                                                                                   მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა:                                                                                                                                                                                                           – დედა… დედა! დაო…დაო!  

1995 წლის 2 ნოემბერს მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იგი მცხეთის დედათა მონასტერში დაკრძალეს.

მამა გაბრიელის საფლავს, მისი სულიერ შვილს, დედა პარასკევა უვლის.

დედა პარასკევა

მამა გაბრიელის საფლავზე დღემდე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ. 

დატოვე კომენტარი